პოლიტიკური ეკონომიკის საფუძვლები და საქართველო გლობალურ სისტემაში

დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში თითქმის წარმოუდგენელია წმინდად პოლიტიკური ან ეკონომიკური საკითხების გამოყოფა და მათი მხოლოდ ერთი დისციპლინის ჭრილში ანალიზი. კომპლექსური მოვლენების შესწავლას კომპლექსური მიდგომები სჭირდება. დღეს, მეცნიერები ხშირად მიმართავენ მულტიდისციპლინურ მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის ფართო კონეტქსტში საკვლევად. პოლიტიკური ეკონომიკა სწორედ ასეთი მიდგომების ერთობლიობაა, რომელიც არღვევს საზღვრებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დისციპლინებს შორის და მოვლენებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს, ისტორიული, სოციალური თუ კულტურული ასპექტების გათვალისწინებით. პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიზი არა მარტო ფართო სურათს ხატავს, არამედ იგი საშუალებას გვაძლევს ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადგილობრივი და გლობალური პროცესები და დავაკვირდეთ ძალაუფლების გადანაწილებას სახელმწიფოს შიგნით თუ გლობალურ ასპარეზზე. სწორედ ამიტომ, კურსის მთავარი მიზანია გააცნოს აპლიკანტებს პოლიტიკური ეკონომიკა, როგორც აკადემიური დისციპლინა და აჩვენოს მისი საჭიროება სხვადასხვა სფეროს პოლიტიკის ანალიზსა თუ შემუშავებაში.  

კურსი სამ ნაწილად იყოფა: პოლიტიკური ეკონომიკის იდეების ისტორია მეთექვსმეტე საუკუნიდან მეორე მსოფლიო ომამდე, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური წყობის კონტურები და საქართველოს თანამედროვე გამოწვევები.  

პირველი ნაწილი კურსის მონაწილეებს წარმოდგენას შეუქმნის პოლიტიკური ეკონომიკის, როგორც აკადემიური დისციპლინის საფუძვლებსა და თეორიულ მრავალფეროვნებაზე. იდეების ისტორიის თითოეული ლექციის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს კაპიტალიზმის განვითარების საფეხურები, მოცემული დროის ისტორიული კონტექსტი და იმ დროის წამყვანი პოლიტ. ეკონომისტების ნააზრევი.

მეორე ნაწილი თანამედროვე გლობალური ბაზრის, მონეტარული და ფინანსური იერარქიების ჩამოყალიბების ანალიზს ეთმობა და ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიცაა გლობალიზაცია, ნეოლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფინანსიალიზაცია. ასევე, ხაზი ესმება ძალაუფლების უთანასწორო გადანაწილებას განვითარებულ და ე.წ. განვითარებად ქვეყნებს შორის  და ყურადღება ეთმობა განვითარების სხვადასხვა მიდგომებს. 

მესამე ნაწილი უშუალოდ საქართველოს ეთმობა, დამოუკიდებლობიდან დღემდე. აქ განხილულია როგორც პოსტ-საბჭოთა ტრანზიციის ზოგადი საკითხები, ასევე, საქართველოს გამოცდილება სახელმწიფოს მშენებლობის თუ ბაზრის შექმნის პროცესში და თანამედროვე სოციო-ეკონომიკურ გამოწვევები. აღნიშნული საკითხების ანალიზი დაკავშირებულია კურსის პირველ ნაწილში განხილულ თეორიებთან და მეორე ნაწილში წარმოდგენილ გლობალური წყობის კონტექსტთან. 

კურსის სილაბუსი

პოლიტიკურ-ეკონომიკური დებატების ისტორიული მონახაზი

პირველი ლექცია

რატომ უნდა ვისწავლოთ პოლიტიკური ეკონომიკა?

პოლიტიკური ეკონომიკის დისციპლინის მნიშვნელობა და მოკლე ისტორიული კონტური

მეორე ლექცია

იდეების ისტორია (XVI-XVIII) მერკანტილიზმი, კოლონიალიზმი, ადამ სმიტი

მესამე ლექცია

იდეების ისტორია (XVIII-XIX) ინდუსტრიალიზაცია, laissez faire პოლიტიკა, მარქსი

მეოთხე ლექცია

იდეების ისტორია  (XIX-XX)

ახალი იმპერიალიზმი

მეხუთე ლექცია

იდეების ისტორია (1920-იანი წლებიდან II მსოფლიო ომამდე)

დიდი დეპრესია, პოლანი, კეინსი, New Deal

მეექვსე ლექცია

გლობალური ეკონომიკური ურთიერთობები II მსოფლიო ომის შემდეგ

თავისუფალი ვაჭრობა, წარმოების პროცესის გლობალიზაცია

მეშვიდე ლექცია

ნეოლიბერალიზაცია, გლობალური მონეტარული სისტემის შექმნა, ფინანსიალიზაცია, ნეო-იმპერიალიზმი, ახალი წესრიგის სოციო-ეკოლოგიური ზღვარი

მერვე ლექცია

ძალაუფლების გლობალური ასიმეტრია და კეთილდღეობის უთანასწორო გადანაწილება, განვითარების თეორიები

საქართველო გლობალურ სისტემაში და თანამედროვე გამოწვევები

მეცხრე ლექცია

პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაცია:

ვაშინგტონის კონსენსუსი, შოკური თერაპია, ტრანზიციის პარადიგმა

მეათე ლექცია

საქართველოს პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაცია (1991-2003)

მეთერთმეტე ლექცია

საქართველოს პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაცია ვარდების რევოლუციის შემდეგ

მეთორმეტე ლექცია

საქართველოს პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაცია: ვარდების რევოლუციის შემდგომი რეფორმების სოციო-ეკონომიკური შედეგები და თანამედროვე გამოწვევები

მეცამეტე ლექცია

განვითარების ალტერნატიული ხედვები და წინააღმდეგობის პოლიტიკა




მნიშვნელოვანი ინფორმაცია





რეგისტრაცია 

2 მარტი, 12:00სთ-დან

2 აპრილი, 23:00სთ-მდე.








კურსზე რეგისტრაცია

და 

მონაწილეობა

უფასოა






  



კურსის ავტორები: ია ერაძე, სალომე თოფურია, მათე გაბიცინაშვილი

 

რეგისტრაცია დაიწყება 2 მარტს, 12:00სთ-ზე.

გარდა ლექციებისა, კურსი მოიცავს ციფრული სემინარების სისტემასაც, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება WEBINAR-ების აპლიკაცია .

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ციფრული კურსი მომზადებულია პროექტის ,,სადისკუსიო პლატფორმა პოლიტიკური ეკონომიკის საკითხებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.